ახალი ამბები

მიუღებელია რაც მაღაზიებში ხდება, ეპიდემიის რისკებს ზრდის – მინისტრი

21 მარტი, 2020 • 1016
მიუღებელია რაც მაღაზიებში ხდება, ეპიდემიის რისკებს ზრდის – მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობით ქვეყანაში არ შემოდის კომენდანტის საათი, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება და მიუღებელია, რაც დღეს მაღაზიებში ხდება — ეს ეპიდემიის რისკებს ზრდის.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასურსათო მაღაზიებში ხალხმრავლობაა. ლევან დავითაშვილი სწორედ ამას გამოეხმაურა:

„ის, რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია. ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს“, – განაცხადა მან.

„დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს“, – აცხადებს მინისტრი.

უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“. – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით პრემიერ-მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი შემოდის ჩვეულ რეჟიმში.

„მოსახლეობისთვის მგრძნობიარე სურსათის სახეობებზე – 9 პროდუქტზე, შევიმუშავეთ ფასები დაზღვევის მექანიზმი. გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ 9 პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაიგეთ მეტი საგანგებო მდგომარეობაზე:

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი