ახალი ამბები

ტყიბულელმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

20 მარტი, 2020 • 1579
ტყიბულელმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

ტყიბულელ მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფმა დღეს, 20 მარტს განაცხადა, რომ წყვეტენ რამდენიმედღიან პროსტესტს, ამის მიზეზი კი დამსაქმებლის დაპირება გახდა.

“როგორც ბევრი თქვენგანისთვის უკვე ცნობილია, ძიძიგურის შახტის მეშახტეები რამდენიმე დღის განმავლობაში უარს ვამბობდით საფრთხის შემცველი სამუშაოს შესრულებაზე მანამ, სანამ არ შესრულდებოდა ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნები. ბოლო დღეების მანძილზე ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის ჩართულობითა და ტყიბულსა და თბილისში ჩვენი მხარდამჭერების დახმარებით ჩვენ გავმართეთ არაერთი შეხვედრა და სხვადასხვა გზებით არაერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი პრობლემები.

ამ ეტაპზე კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოთხოვნების ნაწილს დააკმაყოფილებს. დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვწყვეტთ პროტესტს. დიდი მადლობა მათ, ვინც ამ დღეების მანძილზე მეშახტეების გვერდით დადგა!”, – აცხადებს მეშახტეთა საინიციატოვო ჯგუფი.

2020 წლის თებერვალში მუშებმა შეშფოთება გამოხატეს დამატებითი რისკის გამო: მათი თქმით, ტყიბულის ორი შახტიდან ერთი, ძიძიგურის სახელობის შახტი, ადმინისტრაციამ რემონტის საბაბით გააჩერა.

მეშახტეების თანახმად, ამ გარემოებამ ისინი იძულებული გახადა, სამუშაო ადგილამდე მისასვლელად გაიარონ სავენტილაციო გვირაბი, სადაც მხუთავი აირები გროვდება და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

დასაქმებულებმა ამ მიზეზით თებერვალში უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე, თუმცა კომპანიასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდნენ.

როგორც მეშახტეები ამბობენ, სამუშაოების გაგრძელება გარდაუვალი აუცილებლობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე შემოსავალიც არ ექნებოდათ.

ამავე განცხადების თანახმად, სამუშაოების განახლების შემდეგ სავენტილაციო გვირაბში რამდენიმე მეშახტე მოიწამლა, მათ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. ამ შემთხვევის შემდეგ მეშახტეებმა ისევ უარი განაცხადეს სამუშაოს შესრულებაზე. ბოიკოტი 20 მარტამდე გაგრძელდა.

ისინი ითხოვდნენ:

  • ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო პირობები;
  • სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობით ღია შეხვედრა ჩატარდეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • ის დღეები, როცა პროტესტის ნიშნად არ მუშაობდნენ, აუნაზღაურდეთ;
  • სახელმწიფომ მათ გააცნოს DMT-ის დასკვნა და ამის შემდეგ ერთად იმსჯელონ, როგორ შესრულდეს ამ დასკვნის რეკომენდაციები, როგორ ჩატარდეს სარემონტო სამუშაობი და ამ ყველაფერს ზედამხედველობა მეშახტეებმაც გაუწიონ;

ნახეთ უფრო ვრცლად:

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

მასალების გადაბეჭდვის წესი