ახალი ამბები

ზიარების წესი არ იცვლება, ღვთისმსახურება გახმოვანდება – მიტროპოლიტი

20 მარტი, 2020 • 2160
ზიარების წესი არ იცვლება, ღვთისმსახურება გახმოვანდება – მიტროპოლიტი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესია ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს გარდა იმისა, რომ ზიარების საიდუმლოს მადლმოსილებაში ეჭვი შეიტანოს.

“ჩვენ ასე მიგვაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ვინმეს შეიძლება ინფექცია გადაედოს, ეს არის ყოვლად გამორცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სასიკეთო ცვლილება იქნება რეკომენდაცია, რომ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან მოხდეს ღვთისმსახურების გახმოვანება, რათა ტაძრებში სიმჭიდროვე არ იყოს.

“გახმოვანება იქნება და გარეთაც შეიძლება მოსმენა. მე შემოგთავაზებთ დევიზს: არ გადასდო და არ გადაგედება. ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალისიწნებთ და არც არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოს მადლმოსილებაში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სინოდის სხდომაზე იმსჯელეს. სინოდის სხდომის განჩინება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.


კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებაა, შეწყდეს რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება მარტის ბოლომდე, გარდა ეკლესიებში პირადი ლოცვებისა. „ახლა დროა პირადი და სოციალური პასუხისმგებლობისა“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ.


უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული; მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

20 მარტის გადაწყვეტილებამდე, საპატრიარქო უარს ამბობდა ზიარების წესის ცვლილებაზე, თუმცა მრევლს პირადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებდა, ხოლო გრიპით ან გრიპის მსგავსი ვირუსით დაავადებულებს ურჩევდა, სახლებში დარჩენილიყვნენ და სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებდა.

რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ დასაშვებად მიიჩნია, ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მომხდარიყო საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი