ახალი ამბები

უცხოეთში COVID-19 საქართველოს 20-მდე მოქალაქეს უფიქსირდება – საგარეო

20 მარტი, 2020 • 931
უცხოეთში COVID-19 საქართველოს 20-მდე მოქალაქეს უფიქსირდება – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირება საქართველოს 20-მდე მოქალაქეს უდასტურდება.

„მათი დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეეების კონცენტრაცია. თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვს აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიას. ისინი ყოველდღიურ კავშირზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან და მედიკოსებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც უწყებამ ნეტგაზეთს მიაწოდა.

მათივე ცნობით, უმეტეს მათგანს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნებათ და მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან. ბევრ მათგანს სტაციონართან კომუნიკაციაში კი საქართველოს წარმომადგენლობა დაეხმარა.

უწყება ამბობს, რომ კორონავირუსის გამო საქართველოს საელჩო საზღვარგარეთ მუშაობს 24-საათიანი რეჟიმით.

„ყველგან ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

იტალიაში ვმუშაობ “პერმესოს” გარეშე, მიმკურნალებენ კორონავირუსზე?


20 მარტის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

მასალების გადაბეჭდვის წესი