ახალი ამბები

თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს არ მოვემსახურებით – იუსტიციის სახლი

20 მარტი, 2020 • 1387
თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს არ მოვემსახურებით – იუსტიციის სახლი

იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება – ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარდა იმისა, რომ ისინი არ მოემსახურებიან თვითიზოლაციას დაქვემდებარებულ პირებს, იმ შემთხვეში, თუ ეს ადამიანები იუსტიციის სახლში მივლენ, უწყების წარმოამდგენლები სამართალდამცავ ორგანოებს გამოიძახებენ, რის შემდეგაც მათ საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანენ.

იუსტიციის სახლში მისვლის ალტერნატივად კი ასეთ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ონლაინ კონსულტაცია:

“ვთავაზობთ ასეთ მოქალაქეებს, რომ დაუკავშირდნენ დისტანციურად მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს კონსულტაციისთვის და ისინი შეეცდებიან იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სერვისის მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, დაეხმარონ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც დროებით მუშაობა შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა. ასევე, 17 და 18 მარტს მომხმარებელს არ ემსახურებოდა თელავის იუსტიციის სახლი”, – წერია განცხადებაში.

საქართველოში 20 მარტის დილის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 925 პირი, ხოლო სტაციონარსი მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

მასალების გადაბეჭდვის წესი