ახალი ამბები

გამყრელიძე: COVID-19-ის ჰაერით გადაცემის დიდი მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ არის

19 მარტი, 2020 • 2321
გამყრელიძე: COVID-19-ის ჰაერით გადაცემის დიდი მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19 დღემდე წვეთოვანი გზით გადამცემ ინფექციად მიიჩნევა და მისი ჰაერით გადაცემის მყარი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემაში “COVID-19” ისაუბრა:

“კლასიკურად ჯერ ეს დაავადება დღემდე მაინც ითვლება წვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებად. ჰაერით გადაცემის დიდი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ ვიყოთ 1-1.5 მეტრის დისტანციაზე ერთმანეთისგან, რადგან გარკვეული საშიშროება არის, მაგრამ ძირითადი გზა არის წვეთოვანი”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19, რომელიც უკვე გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, სიცოცხლისუნარიანი ჰაერში (აეროზოლის ფორმაში) საათობით, ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. ეს არის სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს დაეხმაროს, დაავადებისგან თავი დაიცვან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნაწილის — ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერების ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, ვირუსს ჰაერში აეროზოლის ფორმაში აქტიურად დარჩენა მინიმუმ სამი საათის განმავლობაში შეუძლია, სანამ მიწაზე დაეცემა. თუმცა სხვა, კერძოდ ჰარვარდის სამედიცინო სკოლა განმარტავს, რომ ვირუსი, როგორც წესი, მიწაზე უფრო ადრე ეცემა. როგორც ცნობილია, WHO ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი არ არის და მისი გადადება ხდება 1 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანიდან ადამიანზე წვეთებით, დახველების ან დაცემინების გზით. ამასთან, ზემოხსენებულ კვლევასთან დაკავშირებით Wired აღნიშნავს, რომ არ არის დამტკიცებული და დემონსტრირებული, რომ დაავადებული პაციენტის ფილტვებიდან ვირუსი აეროზოლის ფორმით გამოდის, თუ გამოდის, შეუძლია თუ არა მას მნიშვნელოვან მანძილზე გადაადგილება და თუ შეუძლია, არის თუ არა ინფექცია საკმარისი რაოდენობით, რომ სხვა ადამიანი დააავადოს.

როგორც ცნობილია, არსებობს განსხვავება აეროზოლსა და წვეთს შორის, რომელიც ინფიცირებული ადამიანის დახველების, დაცემინების დროს წარმოიშობა.

განსხვავება აეროზოლსა და წვეთს შორის
აეროზოლი – კოლოიდური სისტემაა, შედგება აირის გარემოსაგან, რომელშიც შეწონილია მაგარი ან თხევადი ნაწილაკები; აეროზოლებს განეკუთვნება მიწის, ქვანახშირის მტვერი, ღრუბელი, ნისლი, კვამლი და სხვა.

წვეთი – მცირე რაოდენობის სითხე.


19 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსი 218 ათასზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული, საიდანაც 9 ათასამდე დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 80 ათასზე მეტი.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი განიკურნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი