ახალი ამბები

კარანტინის დარღვევისთვის 40 ათასამდე პირს წაუყენეს ბრალი იტალიაში

19 მარტი, 2020 • 2251
კარანტინის დარღვევისთვის 40 ათასამდე პირს წაუყენეს ბრალი იტალიაში

იტალიაში 40 000-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის დარღვევის გამო, — იუწყება გამოცემა „გარდიანი“ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, იტალიის მოსახლეობის უმრავლესობა ემორჩილება 9 მარტის შემდეგ გამოცხადებულ საკარანტინო წესებს და სახლში რჩება, თუმცა მოსახლეობის ნაწილი არღვევს ახალ წესებს.

წესების თანახმად, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში არ ეკრძალებათ: გარკვეულ სამუშაოებზე, საყიდლებზე, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო.

პოლიციამ 1 კვირაში 700 000 მოქალაქე შეამოწმა და დაადგინა, რომ 40 000-ზე მეტს დარღვეული ჰქონდა კარანტინის წესები.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, ჯამში, თითქმის 3 ათასს მიაღწია – მხოლოდ 18 მარტს Covid-19-ით იტალიაში 475 ადამიანი გარდაიცვალა. ეს იტალიაში ერთ დღეში გარდაცვლილი ადამიანების ყველაზე დიდი რიცხვია.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 713 შემთხვევა, ინფიცირებულთაგან 4 000 გამოჯანმრთელდა. სკოლები, ბარები, რესტორნები, სპორტდარბაზები და არაერთი სხვა დაწესებულება დახურულია.


რაც შეეხება საქართველოს — ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევას რაც შეეხება — ამის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაყვანილია 99 ადამიანი.

ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება – ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი