ახალი ამბები

კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება – ინიციატივა

17 მარტი, 2020 • 1682
კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება – ინიციატივა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაავალა, დაიწყოს კანონპროექტზე მუშაობა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

“მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და მე კიდევ ერთელ ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც საჭირო იქნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, “ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიული პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს”.


17 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა რეგისტრირებული, საკარანტინო რეჟიმში კი 1 000-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. პოლიციამ ბოლო დღეებში ათეულობით ადამიანი გადაიყვანა იძულებით კარანტინში, რადგან ისინი არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს და მიუხედავად რეკომენდაციისა, მაინც გადაადგილდებოდნენ საჯარო სივრცეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი