ახალი ამბები

რატომ არ უშვებენ საზღვარზე თბილისში მცხოვრებ დედა-შვილს – შსს-ს განმარტება

18 მარტი, 2020 • 1064
რატომ არ უშვებენ საზღვარზე თბილისში მცხოვრებ დედა-შვილს – შსს-ს განმარტება

რუსეთის მოქალაქე ელენა ვარვანინა ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ იმის მიუხედავად, რომ ბინადრობის მოქმედი ნებართვა აქვს.

ის „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ ამ დრომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებიან, პასპორტი ჩამოართვეს და დღეს ღამითვე უპირებენ მოსკოვში უკან გაბრუნებას.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც გვიპასუხეს:

„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 18 მარტიდან ორი კვირით აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარზე შემოსვლა. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ შემოდის საქართველოში“.

საქართველომ 2 კვირით ჩაკეტა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც ეს აკრძალვა არ ეხება, ანუ ვისაც შემოუშვებენ. ესენი არიან:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;
ბ) შერეულ ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;
გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები…)
დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირები – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;
ე) სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები;
ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები;
ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად;

სიაში არ შედიან ბინადრობის ნებართვის მქონე პირები.


ელენა ვარვანინას თანახმად, მისმა მეუღლემ, რომელიც თბილისში იმყოფება, წინა დღით საქართველოს პოლიციის ცხელ ხაზზე დარეკა და იკითხა, შეეძლო თუ არა ცოლს ჩამოსვლა, რაზეც დადებითად უპასუხეს.

„მაგრამ ჩამოფრენისთანავე გვითხრეს, რომ ქვეყანაში არ გვიშვებენ და უკან გაგვაბრუნებდნენ“, – ამბობს იგი, — „ჩვენი ერთადერთი სახლი აქ არის, საქართველოში“.

ვრცლად:

14 წლის შვილთან ერთად საქართველოში არ მიშვებენ, ცუდად გვეპყრობიან – რუსეთის მოქალაქე

მასალების გადაბეჭდვის წესი