ახალი ამბები

37 პაციენტიდან ორი მძიმედაა, 11-ს პნევმონია აქვს – ცერცვაძე

18 მარტი, 2020 • 1026
37 პაციენტიდან ორი მძიმედაა, 11-ს პნევმონია აქვს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგანაც ერთი ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა.

თენგიზ ცერცვაძემ 18 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარჩენილი 37 პაციენტიდან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, ცერცვაძემ განაცხადა: „რამდენიმესი არის პრობლემური, რამდენადაც ასაკოვნები არიან და აქვთ თანხმლები დაავადებები, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან სხვა“.

„პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს. რამდენიმეს მდგომარეობა, ვისაც პნევმონია აქვს, არის საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ცერცვაძის თანახმადვე, ჯერჯერობით ქვეყანაში არ ფიქსირდება მეოთხეული გავრცელება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გადაცემის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევების დაფიქსირებას კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას ელოდებიან.

როგორც გამყრელიძემ ტვ იმედის ეთერში თქვა, ამჟამად 1344 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ, 1446 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, 197-ს კი თვითიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდა.

ველოდებით მეოთხეული გადაცემების დაფიქსირებას კვირის ბოლოს ან იმ კვირას – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი