ახალი ამბები

ველოდებით მეოთხეული გადაცემების დაფიქსირებას კვირის ბოლოს ან იმ კვირას – გამყრელიძე

18 მარტი, 2020 • 1126
ველოდებით მეოთხეული გადაცემების დაფიქსირებას კვირის ბოლოს ან იმ კვირას – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას კორონავირუსის გადაცემის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევების დაფიქსირებას ელოდებიან. გამყრელიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

„ველოდებით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს“, – თქვა გამყრელიძემ. მეოთხეული და მეხუთეული შემთხვევების დადასტურება, გამყრალიძის თანახმადვე, ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება.

4 დღის წინ, 14 მარტს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამეული გადაცემა იყო დაფიქსირებული. მესამეული და შემდეგი გადაცემები ნიშნავს, რომ ვირუსი ისეთ ადამიანებს უდასტურდებათ, ვინც შესაძლოა არც საზღვარგარეთ, სარისკო ქვეყანაში ყოფილა და არც მათთან ჰქონია კონტაქტი, ვინც ასეთ ქვეყნებში იმყოფებოდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალი შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, მის ირგვლივ საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. მათ შორის რამოდენიმე დადგენილია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ კვლევები გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. როგორც გამყრელიძემ მოგვიანებით ტვ იმედის ეთერში თქვა, ბოლო მონაცემებით, 1344 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ, 1446 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, 197-ს კი თვითიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით 200 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა 8 000-ზე მეტი, გამოჯანმრთელდა თითქმის 82 000 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი