ახალი ამბები

ვაშაძე: ენმ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან

18 მარტი, 2020 • 943
ვაშაძე: ენმ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მისი პარტია დროებით თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან.

ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ჩამოიყვანონ უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, და მოწყვლად ჯგუფებს ყურადღება მიაქციონ.

„ნაციონალური მოძრაობა თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან იმიტომ, რომ საზოგადოებას ახლა ერთიანობა სჭირდება და მთლიანად სახელმიწფომ, ყველა მოქალაქემ ერთად უნდა დავძლიოთ ეპიდემია“, – განაცხადა ვაშაძემ 18 მარტს ბრიფინგზე. „ის, რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების ქმედებები, განვსჯით მას შემდეგ, რაც XXI საუკუნის შავ ჭირს მოვერევით“, – თქვა მან.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიის ინფორმაციით, საქართველოს არაერთი მოქალაქე ამ დრომდე რჩება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვერ ახერხებენ დაბრუნებას:

„არათუ კომერციული რეისით დაბრუნების საშუალება არა აქვთ, არამედ არ აქვთ შესაძლებლობა, რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ… ამიტომ, გინდათ თხოვნა დაარქვით, გინდათ რჩევა, მაგრამ მინდა, მივმართო ხელისუფლებას: სასწრაფოდ საჭიროა საქართველოს ავიახაზების მეშვეობით ჩარტერების დაგეგმვა, რათა ისინი ჩამოვიყვანოთ უკან“, – განაცხადა მან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ორი კვირით აიკრძალა. პრემიერ-მინისტრის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, ექნებათ საშუალება, საქართველოს ავიახაზების დახმარებით დაბრუნდნენ. იგივე შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს.

ვაშაძემ ასევე მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალსა და მედიკოსებს კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გაწეული შრომისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი