ახალი ამბები

ჯერჯერობით კომუნალურების გადავადება/არგადახდაზე საუბარი არაა – თურნავა

18 მარტი, 2020 • 1857
ჯერჯერობით კომუნალურების გადავადება/არგადახდაზე საუბარი არაა – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული კომპანიებისთვის კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი არ განიხილება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, დღეს გამანაწილებელი კომპანიები სხვა სექტორების მსგავსად მძიმე მდგომარეობაში არიან:

“რაც შეეხება კომუნილაური გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები იქნება ეს “თელასი”, “თბილისი ენერჯი” თუ “ენერგოპრო”,  კერძო კომპანიები არიან. მათთაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი იმაზე რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება ან გადახდილი არ უნდა იყოს არ არის.”


12 მარტს, სანამ მთავრობის “ეკონომიკური სტიმულირების გეგმა გამოქვეყნდებოდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი გეგმა გაასაჯაროვა. ენმ-ს გეგმაც საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტია მთავრობისგან მოითხოვს ტურიზმის სექტორი გადასახადების ნაწილისგან 2020 წლის ბოლომდე გათავისუფლდეს და დაგროვილი თანხა შემდეგ წელზე გადაუნაწილდეს.

საქართველოს მთავრობის გეგმა კი შემდეგ ღონისძიებებს ითვალისიწნებს:

  •   ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას.
  •  იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს; სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა. საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და  საშემოსავლო გადასახადებს (1 ნოემბრამდე).
  •  კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს  და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო,  კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს)
  •  გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშულებითაც 4 დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომელმაც პანდემიის შედეგად შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი