ახალი ამბები

სამსახურიდან მიშვებენ: რა უფლებები მაქვს? | COVID-19

18 მარტი, 2020 • 3167
სამსახურიდან მიშვებენ: რა უფლებები მაქვს? | COVID-19

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განმარტავს, რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება, როცა ეს ეკონომიკური გარემოებით საბუთდება.

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი დამსაქმებელს გარკვეული საფუძვლების არსებობის პირობებში დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას აძლევს. საია-ს ინფორმაციით, ამ ამუხლის ა) ქვეპუნქტი დამსაქმებლებს უფლებას აძლევს, დასაქმებული გაათავისუფლონ ისეთი ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციულ ცვლილებების დროს, რომელიც სამუშაო ძალის შემცირებას აუცილებელს ხდის. თუმცა დამსაქმებლის უფლება, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, შეუზღუდავი არ არის.

“იგი უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას პრიორიტეტი მიენიჭოს მის შეწყვეტასთან შედარებით.

ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების დროს სასამართლოს განმარტებით უნდა დასტურდებოდეს შემდეგი პირობების არსებობა:

– ეკონომიკური აუცილებლობა, რომელიც გამორიცხავს შტატების კონკრეტული ოდენობით შენარჩუნების შესაძლებლობას;

– შტატების რეალური და არა თვალთმაქცური  და კანონთან შესაბამისი შემცირების ფაქტი;

– გათავისუფლებულთა შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც უნდა ემყარებოდეს ობიექტურ საფუძველს და არ ტოვებდეს დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლებლობას”,-აცხადებენ საიაში.

საიას ცნობითვე, სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლებში უთითებს, რომ დადასტურდა შემცირების ეკონომიკური, საწარმოო საჭიროება, თუმცა ვერ დასაბუთდა კონკრეტული თანამშრომლის სხვაზე ნაკლები კვალიფიკაცია, რაც შეიძლება გამხდარიყო კონკრეტულად მისი გათავისუფლების საფუძველი. ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანამშრომელთა გათავისუფლება შერჩევით ხდება.

“იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა და მაინც არსებობს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით თქვენი გათავისუფლების საფუძველი, დამსაქმებელი ვალდებულია:

1. 30 კალენდარული დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გამოგზავნით გაცნობოთ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და გადაგიხადოთ  1 თვის კომპენსაცია.

2. გაგაფრთხილოთ გათავისუფლების თაობაზე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გამოგზავნით და გადაგიხადოთ კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები შეილახა, გაგათავისუფლეს სამსახურიდან უკანონოდ ან არ მოგეცათ შესაბამისი კომპენსაცია, უფლებამოსილი ხართ მიმართოთ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით”,- განმარტავენ სააიაში.


კაფეთა ქსელმა „დეგუსტომ“ გუშინ, 17 მარტს, განაცხადა რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ზარალის გამო დასაქმებულებს 20%-ით ნაკლებს გადაუხდის. კომპანია განმარტავს, რომ დასაქმებულებს ხელფასის მხოლოდ 80%-ს გადაუხდის, დანარჩენს კი მხოლოდ იმის შემდგომ, რაც „კომპანია დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს“.

მანამდე ფეისბუკზე „დეგუსტოს“ რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა დაწერა, რომ დაპირებულ ანაზღაურებაზე უფრო ნაკლები ჩაერიცხათ, ამასთანავე, კომპანიაში დაიწყო შემცირებები.

„დეგუსტო“ თანამშრომლებს ხელფასს 20%-ით უმცირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი