ახალი ამბები

„დეგუსტო“ თანამშრომლებს ხელფასს 20%-ით უმცირებს

17 მარტი, 2020 • 2139
„დეგუსტო“ თანამშრომლებს ხელფასს 20%-ით უმცირებს

კაფეთა ქსელი „დეგუსტო“ ამბობს, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ზარალის გამო დასაქმებულებს 20%-ით ნაკლებს გადაუხდის. ამის შესახებ კომპანიამ ფეისბუკზე გავრცელებულ პოსტში დაწერა.

კომპანია განმარტავს, რომ დასაქმებულებს ხელფასის მხოლოდ 80%-ს გადაუხდის, დანარჩენს კი მხოლოდ იმის შემდგომ, რაც „კომპანია დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს“.

 

მანამდე ფეისბუკზე „დეგუსტოს“ რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა დაწერა, რომ დაპირებულ ანაზღაურებაზე უფრო ნაკლები ჩაერიცხათ, ამასთანავე, კომპანიაში დაიწყო შემცირებები.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „დეგუსტოს“, რომლის წარმომადგენელმაც გვითხრა, რომ კორონავირუსის გამო კომპანიას დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. მენეჯმენტის ინფორმაციით, გაყიდვები ვირუსის გავრცელების პარალელურად 70%-ით შემცირდა, კომპანიის შესანარჩუნებლად კი მათ გარკვეული ზომების მიღება მოუხდათ.

„დეგუსტო“ განმარტავს, რომ ზოგიერთ თანამშრომელს უხელფასო შვენულებაშიც მოუხდა წასვლა, ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს საშუალება, 350-ზე მეტ დასაქმებულს ანაზღაურება გადაუხადოს. ამასთანავე, მათივე ინფორმაციით, მომხმარებლის სიმცირიდან გამომდინარე, მათ აღარ სჭირდებათ იმდენივე თანამშრომელი – რამდენიც მანამდე.

ნეტგაზეთმა ჰკითხა კაფეთა ქსელს, ხელფასის შემცირება მხოლოდ კონსულტანტებსა და მზარეულებს შეეხებოდა, თუ ადმინისტრაციასაც. ამაზე „დეგუსტოში“ გვიპასუხეს, რომ ანაზღაურებას ვერც მენეჯმენტი იღებს.

გარდა ამისა, მთავრობის რეკომენდაციის ფონზე, „დეგუსტოში“ ამბობენ, რომ ე.წ. სუპერმარკეტის ტიპის მუშაობაზე გადადიან და დარბაზში მომხმარებლებს ვეღარ მიიღებენ.

რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ტურიზმში ჩართული კომპანიებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადების შესახებ – „დეგუსტოში“ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მათ ზარალი მხოლოდ 20%-ით უმცირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი