ახალი ამბები

კორონავირუსი: ეგვიპტიდან ქართველ სტუდენტებს ერევნის გავლით ჩამოიყვანენ

18 მარტი, 2020 • 1330
კორონავირუსი: ეგვიპტიდან ქართველ სტუდენტებს ერევნის გავლით ჩამოიყვანენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან.

6 ქართველი სტუდენტი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას ერევნის გავლით შეძლებს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, ​საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მყოფმა ქართველმა სტუდენტმა მიხეილ გვაძაბიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ კაიროდან გაემგზავრებიან შარმ-ელ-შეიხში, საიდანაცდ დღესვე სპეცრეისით ჩაფრინდებიან სომხეთის დედაქალაქ ერევანში, შემდეგ კი საქართველოსკენ გამოემგზავრებიან. მათ მოუწევთ ორკვირიანი საკარანტინო რეჟიმის გავლა.

როგორც მიხეილ გვაძაბიამ აღნიშნა, კაიროში დარჩენის სურვილი რამდენიმე სტუდენტმა გამოთქვა და, შესაბამისად, ისინი არ გამოემგზავრებიან. გვაძაბიას თქმით, მას სწავლა ეგვიპტეში მიმდინარე წლის მაისში უმთავრდებოდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობა გაუწევს დახმარებას.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში, ისევე როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი.მოქალაქეებს გაუწევენ ყველა საჭირო დახმარებასა და კონსულტაციას სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 294 5050


17 მარტის მდგომარეობით, ეგვიპტეში კორონავირუსის 166 შემთხვევაა რეგისტრირებული, მთელ მსოფლიოში კი აღნიშნული რიცხვი 185 ათასს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი