ახალი ამბები

რა განსხვავებაა COVID-19-სა და ჩვეულებრივ გრიპს შორის — CDC-ის ყოფილი დირექტორი

18 მარტი, 2020 • 2590
რა განსხვავებაა COVID-19-სა და ჩვეულებრივ გრიპს შორის — CDC-ის ყოფილი დირექტორი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ყოფილმა ხელმძღვანელმა — ტომ ფრიდენმა CNN-ზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ახსნა, თუ რა განსხვავებებია ახალ კორონავირუსულ ინფექციას — COVID-19-სა და ჩვეულებრივ გრიპს შორის, რატომაა პირველი უფრო სახიფათო და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს.

სიმპტომები და გადადების ალბათობა

როგორც ფრიდენი წერს, COVID-19-ისა და გრიპის ზოგიერთი სიმპტომი ემთხვევა. ესენია მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა.

თუმცა, ფრიდენის თქმით, გრიპი იწვევს თავის ტკივილს, დაღლილობას და შეციებას, რაც ნაკლებადაა გავრცელებული COVID-19-ის დროს.

გარდა ამისა, განსხვავდება სიმპტომების გამოვლენის დრო — გრიპის დროს სიმპტომები ფაქტიურად იმწამსვე ჩნდება და ერთ ან ორ დღეში უარესდება, COVID-19-ის შემთხვევაში კი მათ გამოვლენას და გაუარესებას შეიძლება ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

ამასთან ერთად, ფრიდენი ამბობს, რომ COVID-19 უფრო გადამდებია, ვიდრე გრიპი. როგორც ის ამბობს, ახლანდელი ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ინფექციას უფრო მეტ ადამიანს გადასდებს, ვიდრე გრიპით დაავადებული, რის გამოც COVID-19 უფრო მალე და ფართოდ ვრცელდება.

რისკ-ჯგუფები და სიკვდილიანობა

ფრიდენი აცხადებს, რომ COVID-19, გრიპისგან განსხვავებით, ნაკლებად ემუქრება ბავშვებს — „ბავშვები, მინიმუმ 18 წლამდე, როგორც ჩანს, COVID-19-ით მძიმედ არ ავადდებიან“, — წერს იგი.

თუმცა ფრიდენი აღნიშნავს, რომ ბავშვები კორონავირუსით მაინც შეიძლება დაავადდნენ, მაგრამ ამატებს, რომ ლეტალური შემთხვევები ამ ჯგუფში ძალიან იშვიათია.

მაღალი რისკის ჯგუფებად მას მიაჩნია მოხუცები და ჯანმრთელობის პრობლემების — გულის ან ფილტვების დაავადებების, კიბოს და დიაბეტის- მქონე ადამიანები.

ფრიდენი თავის სტატიაში იმასაც წერს, რომ COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობა უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის დროს.

ფრიდენის წინასწარი შეფასების თანახმად, COVID-19-ით დაავადებული 100 ადამიანზე საშუალოდ 1-ზე მეტი ლეტალური შედეგი დგება, მაშინ როცა გრიპის შემთხვევაში 1 ლეტალური შედეგი საშუალოდ 1000 დაავადებულზე მოდის.

თუმცა ფრიდენი მაინც მიიჩნევს, რომ COVID-19-ით დაავადებულთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდება — მისი თქმით, დაავადებულთა 80 ან 90 პროცენტს ინფექცია სუსტი ფორმით ექნება, ხოლო 100 დაავადებულიდან 99 გამოჯანმრთელდება.

ვაქცინა, წამალი და იმუნიტეტი

როგორც ფრიდენი ამბობს, COVID-19-ის ვაქცინა არ არსებობს და მინიმუმ ერთი წელი არ იქნება.

არ არის ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატიც — თუმცა, ფრიდენის თქმით, კლინიკური ცდები უკვე დაწყებულია.

აგრეთვე, ადამიანებს არ აქვთ გამომუშავებული იმუნიტეტი COVID-19-ისთვის, რადგანაც ახალი ვირუსია.

ფრიდენი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ადამიანებს გაუჩნდებათ  კიდევ უფრო ძლიერი იმუნიტეტი ჩვეულებრივი გრიპის მიმართ და თუ გრიპით დაავადება მაინც მოხდება, უფრო მარტივი ფორმით გადაივლის.

იგი მიიჩნევს, რომ გრიპით დაავადებისას მარტივი ფორმის განვითარება ან სულაც არდაავადება იმის დამსახურებაა, რომ ადამიანებს მსგავსი დაავადება უკვე ჰქონდათ, რაც არ ფიქსირდება COVID-19-ის შემთხვევაში.


მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.

საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1 261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

ამავე თმაზე:

H1N1, SARS, MERS – როგორ დასრულდა მათი აფეთქებები?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი