ახალი ამბები

კორონავირუსი ჰაერში საათობით, ზედაპირზე დღეების განმავლობაში რჩება — კვლევა

18 მარტი, 2020 • 5959
კორონავირუსი ჰაერში საათობით, ზედაპირზე დღეების განმავლობაში რჩება — კვლევა

ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19, რომელიც უკვე გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, სიცოცხლისუნარიანი და გადამდებია ჰაერში (აეროზოლის ფორმაში) საათობით, ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. ეს არის სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს დაეხმაროს, დაავადებისგან თავი დაიცვან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნაწილის — ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის- მეცნიერებმა ვირუსი ინფიცირებული პაციენტიდან სხვადასხვა ზედაპირზე „გადაიტანეს” ამ ობიექტებზე დახველებით ან მათი შეხებით.

პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ვირუსის აქტიური ნაწილაკები სამი დღის შემდეგაც აღმოჩნდა.

მუყაოს ზედაპირზე ვირუსი 24 საათის შემდეგ აღარ იყო, ხოლო სპილენძზე მის გაქრობას 4 საათი დასჭირდა.

როგორც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, ვირუსს ჰაერში აეროზოლის ფორმაში აქტიურად დარჩენა მინიმუმ სამი საათის განმავლობაში, შეუძლია, სანამ მიწაზე დაეცემა. თუმცა სხვა, კერძოდ ჰარვარდის სამედიცინო სკოლა განმარტავს, რომ ვირუსი მიწაზე უფრო ადრე დაეცემა, როგორც წესი. როგორც ცნობილია, WHO ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი არ არის და მისი გადადება ხდება 1 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანიდან ადამიანზე წვეთებით, დახველების ან დაცემინების გზით. ამასთან, კვლევასთან დაკავშირებით, Wired შენიშნავს, რომ არ არის დამტკიცებული და დემონსტრირებული, რომ დაავადებული პაციენტის ფილტვებიდან ვირუსი აეროზოლის ფორმით გამოდის, თუ გამოდის შეუძლია თუ არა მას მნიშვნელოვან მანძილზე გადაადგილება და თუ შეუძლია, არის თუ არა ინფექცია საკმარისი რაოდენობით, რომ სხვა ადამიანი დააავადოს.

განსხვავება აეროზოლსა და წვეთს შორის
აეროზოლი – კოლოიდური სისტემა; შედგება აირის გარემოსაგან, რომელშიც შეწონილია მაგარი ან თხევადი ნაწილაკები; აეროზოლებს განეკუთვნება მიწის, ქვანახშირის მტვერი, ღრუბელი, ნისლი, კვამლი და სხვ.

წვეთი – მცირე რაოდენობის სითხე.


მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.

საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

ამბის გაგრძელება

გამყრელიძე: COVID-19-ის ჰაერით გადაცემის დიდი მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი