ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლი – ახლა ყველანი უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ

18 მარტი, 2020 • 1657
მუხთარლი – ახლა ყველანი უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ

“მე გავაგრძელებ ჩემს საქმეს როგორც ჟურნალისტი. ვფიქრობ, რომ ყველანი უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ”, – აცხადებს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც, საზოგადოებისთვის მოულოდნელად, გუშინ, 17 მარტს, აზერბაიჯანში ციხე დაატოვებინეს და გერმანიაში გაამგზავრეს.

“შემიძლია ვთქვა, რომ როგორც გამიტაცეს თბილისიდან, ასევე მოულოდნელად გამომიყვანეს ციხიდან და გერმანიაში მამგზავრებენ. რაიმე გასაუბრება ან ზეწოლა არ ყოფილა”.

“მადლობა მინდა გადავუხადო მეგობრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. მადლობა ოპოზიციას, რომ ზეწოლის მიუხედავად რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის”.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მუხთარლი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

“არ ვიცი, ახლა როგორია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმები გამომიკვლევენ”.

აფგან მუხთარლის  6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

როგორც აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა „აპა“ წერს, მუხთარლის გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო – სასამართლომ დააკმაყოფილა მუხთარლის ადვოკატის შუამდგომლობა პირობით ვადამდელი გათავისუფლების შესახებ. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 2019 წელს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ალიევსა და ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის მუხთარლის გათავისუფლების საკითხზე.

მუხთარლი — პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო. მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.
აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

„აზერბაიჯანში ჯერ კიდევ რჩება ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი“, – დაწერა ლეილა მუსტაფაევამ მუხთარლის ამბის გახმაურების შემდეგ ფეისბუკზე.

აფგან მუხთარლი ბაქოდან ბერნლინში ჩაფრენის დროს ოჯახს ხვდება; ფოტო: ლეილა მუსტაფაევას ფეისბუკიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი