აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელიც 2017 წელს გაიტაცეს თბილისიდან, თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ბაქოს საპატიმრო დატოვა. მას 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
მუხთარლის ციხიდან გამოშვების შესახებ ინფორმაცია 17 მარტს, 19:00 საათისთვის ფეისბუკზე გაავრცელა აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ერთ-ერთმა ლიდერმა არიფ ჰაჯალიმ.
„ნეტგაზეთს“ ეს ცნობა მუხთარლის მეგობარმა, აზერბაიჯანში დევნილმა სამოქალაქო აქტივისტმა, დაშგინ აღალარლიმ დაუდასტურა.
დაშგინ აღალარლის ინფორმაციითვე, აფგან მუხთარლი უკვე გაფრინდა გერმანიაში, სადაც მისი ოჯახი იმყოფება. მისი თვითმფრინავი 21:30 საათზე დაეშვება.
როგორც აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა „აპა“ წერს, მუხთარლის გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო – სასამართლომ დააკმაყოფილა მუხთარლის ადვოკატის შუამდგომლობა პირობით ვადამდელი გათავისუფლების შესახებ.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, მას საშუალება მიეცა ციხე დაეტოვებინა ჯანმრთელობის პრობლემების გამო“, – წერს გამოცემა.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 2019 წელს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ალიევსა და ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის მუხთარლის გათავისუფლების საკითხზე.
მუხთარლი — პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.
მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.
მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.
მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.
აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.
„აზერბაიჯანში ჯერ კიდევ რჩება ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი“, – დაწერა ლეილა მუსტაფაევამ მუხთარლის ამბის გახმაურების შემდეგ ფეისბუკზე.