ნეტგაზეთი | ახალი შემთხვევებიდან 2 უკვე დადასტურებული პაციენტის კონტაქტებია – ეზუგბაია ახალი შემთხვევებიდან 2 უკვე დადასტურებული პაციენტის კონტაქტებია – ეზუგბაია – Netgazeti
RU | GE  

ახალი შემთხვევებიდან 2 უკვე დადასტურებული პაციენტის კონტაქტებია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ პირებს კავშირი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებთან, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ 38 დადასტურებული შემთხვევიდან 31 ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ერთი მათგანი გაწერეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე კლინიკაში 30 დადასტურებული შემთხვევა რჩება.

რაც შეეხება ორ ახალ შემთხვევას:

„ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია: ეს არის ერთ-ერთი ჩვენთან დადასტურებული პაციენტის კონტაქტები. მათი ინფიცირების წყარო დადგენილია.

ეს ორი პაციენტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია. დილით ვიცოდი, რომ 10 პაციენტის ნაცხი იყო ტესტირებისთვის ასაღები და გასაგზავნი, მაგრამ აღების პერიოდში თუ პაციენტი ემატება კლინიკას, მაშინ რიცხვიც იზრდება ხოლმე. ამ ეტაპზე ვიცი, რომ 10 არის, მაგრამ 2-3 ადამიანი შეიძლება დაემატოს“, – ამბობს ეზუგბაია და ამატებს, რომ მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია.

მისივე განმარტებით, არ იცის, სად მოათავსეს დანარჩენი 2 პაციენტი.

საქართველოში 18 მარტის დილის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი COVID-19, ჯამში, 38 ადამიანს უდასტურდება. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1 130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81. აქედან ერთი პაციენტი, რომელიც COVID-19-სგან განიკურნა, ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

როგორ ეძებენ ინფიცირებულთა კონტაქტებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან