ახალი ამბები

პრემიერი ლარის გაუფასურებაზე: მოქალაქეები და ინვესტორები დოლარს ინახავენ

19 აგვისტო, 2015 •
პრემიერი ლარის გაუფასურებაზე: მოქალაქეები და ინვესტორები დოლარს ინახავენ

პრემიერის თქმით, ადამიანებს აქვთ ცრუ, არასწორი მოლოდინები შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე.

 

”ადამიანებს აქვთ ცრუ, არასწორი მოლოდინები შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების, ანალიტიკოსების აზრით, ეს ასე აღარ მოხდება უახლოეს პერიოდში. ეს მათი პროგნოზია, ვინაიდან კრიზისის პირველმა ტალღამ უკვე გაიარა. შესაბამისად, მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენებიც დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს დღეს თუ ხვალ მოუწევთ დოლარის გაყიდვა და ლარის შეძენა. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, მთავრობა ლარის კურსზე მათი ანალიტიკოსების პროგნოზებსა და შეფასებებს ეყრდნობა. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მოქალაქეებს გაუჩნდებათ და დაუბრუნდებათ იმის განცდა, რომ ლარის კურსს განსაკუთრებული საფრთხეები და რისკები აღარ ახლავს.

 

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის 19 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარი 2.3214 ლარია.

 

ირაკლი ღარიბაშვილი; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი