ახალი ამბები

თურნავა სავაჭრო ცენტრებს მოუწოდებს, ნუ გააძვირებენ სურსათს

17 მარტი, 2020 • 1165
თურნავა სავაჭრო ცენტრებს მოუწოდებს, ნუ გააძვირებენ სურსათს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრებს მოუწოდებს, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში პროდუქტზე ფასები არ გაზარდონ.

ეს მინისტრმა სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის, საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგები. ნათია თურნავას თქმითვე, კომპანიებისგან დაპირება მიიღეს, რომ სურსათის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.

„გავიარეთ ყველა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხი, რითიც შეიძლება გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. მაგრამ სანაცვლოდ საკმაოდ მკაცრად მოვთხოვეთ, რომ მარაგების შევსება მოხდეს შეუფერხებლდ და სწრაფად. მივიღეთ დაპირება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ასევე, მთავარი თემა იყო ფასები. მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას გარდა, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. დავითაშვილის თქმით, კომპანიებმა გაზრდილი მოთხოვნით ბოროტად არ უნდა ისარგებლონ და თუ ასეთი რამ მოხდება, სახელმწიფოს რეაგირება “მკაცრი იქნება”:

„ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბოროტად არსებული სიტუაციით და სპეკულაციური ფასები არ არსებობდეს. ამაზე ვიქნებით ძალიან მკაცრები, პრინციპულები და მომთხოვნები. მოვუწოდებთ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.”

აშშ დოლარის ღირებულება 3.08 ლარი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი