ახალი ამბები

პრემიერი: “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობის მონაწილეობა გამორიცხულია

18 აგვისტო, 2015 • 1025
პრემიერი: “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობის მონაწილეობა გამორიცხულია

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, მთავრობის მონაწილეობის წარმოჩენას ამ პროცესებში მათი ოპონენტები ცდილობენ, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული.

 

“ჩვენთვის მთავარი არის, რომ პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს. რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპენენტები, მათ შორის რუსთავი 2, რომ რაიმენაირად ჩვენი მონაწილეობა წარმოაჩინონ, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ჩემი პოზიცია შემდეგია: ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავა, რომელიც უნდა გაგრძელდეს სასამართლოში. მე ამის მეტს ვერაფერს გეტყვით,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა 2015 წლის 5 აგვისტოს განაცხადეს, რომ ბიზნესმენმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა. ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა მიხეილ საკაშვილის ზეწოლით 2006 წელს მას თავისი წილი ძალით დაათმობინეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ხალვაშის მოთხოვნა 5 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, გადაწყვეტილებით ყადაღა დაადო “რუსთავი 2″–ის პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებებს, მათ აეკრძალათ ქონების გასხვისება და გაქირავება.

 

სასამარღლომ ხალვაშის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მხოლოდ ერთ ნაწილში, სადაც საქმე ეხებოდა “რუსთავი 2″–ის ლოგოს გამოყენების აკრძალვას. მოთხოვნა საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე კი თავად მოსარჩელეების თხოვნით განუხილველი დატოვა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი