ახალი ამბები

რუსეთში ზიარებისას კოვზებს გაწმენდენ

17 მარტი, 2020 • 1772
რუსეთში ზიარებისას კოვზებს გაწმენდენ

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილემ დაამტკიცა სანიტარული ზომების  ინსტრუქცია, რომელიც კორონავირუსული ინფექციის — Covid-19-ის პრევენციის მიზნით უნდა გატარდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, სხვადასხვა საგნის დეზინფექციის სტანდარტული ზომები წესდება.

ასევე, ლიტურგიის დროს ყოველი მოზიარის შემდეგ კოვზს მოუსვამენ სპირტით გაჟღენთილ ხელსახოცს (სპირტი ამ ხელსახოცში განახლდება ხოლმე) და შემდეგ ჩადებენ წყალში, რის შემდეგ წყლის უტილიზაცია მოხდება. შემდეგ, სასმისს ყველა მოზიარეს ერთჯერადი ჭურჭლით მისცემენ.

მოზიარეებს აგრეთვე ურჩევენ, ჭურჭლის და მღვდლების ხელების კოცნისგან თავი შეიკავონ.

გარდა ამისა, სასულიერო პირები სეფისკვერის დასარიგებლად ერთჯერად ჰიგიენურ ხელთათმანებს გამოიყენებენ.

რაც შეეხება ნათლობას, ყოველი რიტუალის შემდეგ წყალს შეცვლიან და აკურთხებენ.

ეკლესიებს აგრეთვე ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჭურჭლისა და სხვა ინვენტარის ჰიგიენას და ყველაფერი ცხელი, ადუღებული წყლით გაწმინდონ.

რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლეგოიდას თქმით, ეს ზომები დაფუძნებულია წმინდა წერილზე — „ნუ გამოსცდი ღმერთს“, რომელიც მართლმადიდებლურ ტრადიციაში ინტერპრეტირებულია, როგორც მოცემულობა, რომ მორწმუნემ საკუთარი თავი და სხვები უაზრო რისკის ქვეშ არ დააყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი