ახალი ამბები

უკრაინაში კარანტინის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა | Covid-19

17 მარტი, 2020 • 1843
უკრაინაში კარანტინის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა | Covid-19

უკრაინის უმაღლესმა რადამ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, კარანტინის რეჟიმის დარღვევა ითვალისწინებს როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო აცხადებს, კარანტინის თვითნებურად დატოვება შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით 17-32 ათასი უკრაინული გრივნის ოდენობით (637-1 200 აშშ დოლარი) ან თავისუფლების აღკვეთით ნახევარი წლიდან სამი წლის ვადით.

„იგივე მოქმედებები, თუ მათ გამოიწვიეს ადამიანთა დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე“, — აღნიშნა გერაშენკომ.

გარდა ამისა, რადის დეპუტატებმა მთავრობას მისცეს დავალება, მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების ლიკვიდაციაში არიან ჩართულნი, ბონუსი გადაუხადონ ხელფასის 200%-მდე ოდენობით.

18 მარტიდან უკრაინაში შეიზღუდება შიდა მიმოსვლა. დაკეტილია ქვეყნის საზღვრები. მუშაობა შეაჩერა მეტროპოლიტენმა, კაფე-ბარებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და ა.შ.


უკრაინაში კორონავირუსით დაავადების 7 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 1 ადამიანი.

მსოფლიოში – 182 413 შემთხვევა და 7 154 გარდაცვალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი