ახალი ამბები

საბანკო რეგულაციები გამარტივდა

17 მარტი, 2020 • 2669
საბანკო რეგულაციები გამარტივდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებით სებ სესხის გაცემის წესს ამარტივებს, საუბარია ე.წ საბანკო რეგულაციებზე, რომელიც ძალაში 2019 წლის იანვარში შევიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება, ანუ სესხის მომსახურებამ მომხმარებელს ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას, რადგან კრედიტი გაიცემა იმ პირებზე, ვისაც შესაბამისი შემოსავლები აქვს.

“ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” წესში შესული ცვლილებით სესხის გამცემი ორგანო მსესხებლის შემოსავლის ახალი წესით შეისწავლის.

“მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი”,-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, ეროვნული ბანკი აუქმებს სესხის მომსახურების კოეფიციენტსაც, საუბარია ე.წ PTI ლიმიტზე, ანუ თანხის ოდენობაზე, რისი მიმართვაც მოქალაქეს სესხის დასაფარად შეუძლია. 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში 25% იქნება PTI კოეფიცინტი, ანუ თანხის ოდენობა, რისი მიმართვაც მოქალაქეს სესხის დასაფარად შეუძლია თვეში. 1000 ლარს ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში კოეფიციენტი 50%-იქნება.

“PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ქვემოთ მოცემული ცხრილი მიხედვით, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას.”

ამასთან, იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობაც. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იქნება. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა, რაც დაკრედიტების მიკრომენეჯმენტში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს.

გაიგეთ მეტი ამ თემაზე

საბანკო სესხების აღება მოქალაქეების ნაწილისთვის კვლავ მარტივდება

მასალების გადაბეჭდვის წესი