ახალი ამბები

ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო რეფორმის სათავეში იდგნენ – ქადაგიძე

17 მარტი, 2020 • 1145
ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო რეფორმის სათავეში იდგნენ – ქადაგიძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

კომიტეტის სხდომაში არ მონაწილეობენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ. ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ოპონირებას ფრაქცია თავს არიდებს და ამ ეტაპზე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის მოსმენა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ფოფხაძის თქმით, “დამოუკიდებელი დეპუტატები” ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, ვისაც სურვილი ჰქონდა კომიტეტის სხდომას დასწრებოდა და ქვეყანაში COVID-19 ვირუსით შექმნილი ვითარების გამო ვერ ესწრება მას, შესაძლებლობა ჰქონდა, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტისთვის შეკითხვები ელექტრონული ფოსტით მიეწოდებინა.

ნინო ქადაგიძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა მოსამართლეების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე როგორც გარე ზეგავლენისგან, ისე შიდა ზეწოლისგან, მათ შორის თავმჯდომარის მხრიდან.

ნინო ქადაგიძის თქმით, თავმჯდომარის პოზიცია მისთვის არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ ფიქრობს, რომ ამ პოსტზე კარიერული მოსამართლის წარდგენის შანსი უნდა გამოეყენებინა.

“გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა, მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას შევთავაზებდი, თუმცა მივიჩნიე, რომ ჩემი მხრიდან ეს შანსი გამოყენებული უნდა იქნას, რამდენადაც ქართულ მართლმსაჯულებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, წარდგენილ იქნას კანდიდატი, რომელიც კარიერული მოსამართლეა და სასამართლო რეფორმის თითქმის ყველა ეტაპზე პირდაპირ და აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში.

თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის და იურისტის ვალდებულებაა, მივიღო ეს გამოწვევა. ბუნებრივია, მე საზოგადოებას ვერანაირ დაპირებას ვერ გავცემ, თუმცა ჩემი სურვილია, რომ აქტიური და ხელშესახები როლი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩემ უკან მდგომი არცთუ ისე დიდი, მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ მძლავრი სასამართლო კორპუსი”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

სასამართლო სისტემის რეფორმაზე საუბრისას ქადაგიძემ ხაზი გაუსვა როგორც მიმდინარე მოწვევის პარლამენტის როლს და 2017 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ისე ოპოზიციის წვლილს.

“უმნიშვნელოვანესია ბოლო დროს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში და ხელისუფლების სხვა შტოების არასათანადო გავლენებისგან სასამართლოს დაცვის თვალსაზრისით. ამ მიმართებით განსაკუთრებით აღვნიშნავ მიმდინარე მოწვევის პარლამენტის დამსახურებას, რომელმაც ისტორიული როლი შეასრულა.

აქვე მინდა აღვნიშნო ოპოზიციის როლი. ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ და მინდა, მათი წვლილიც იყოს ხაზგასმული. ვიცი, რომ მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს ჩემი პოზიცია და პატივისცემა ამ პროცესებისადმი მათი დამოკიდებულების მიმართ ხაზგასმით აღვნიშნო”, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი