ახალი ამბები

ნუ მოხვალთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან ერთად – წულუკიანი

16 მარტი, 2020 • 589
ნუ მოხვალთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან ერთად – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ მივიდნენ იუსტიციის სახლებში.

„რაც შეეხება იუსტიციის სახლებსა და ე.წ. „ფრონტ“ ოფისებს, აქ მინდა მივმართო საზოგადოების ყველა წევრს და კიდევ ერთხელ ვთხოვო დაბეჯითებით, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა – ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

მიუხედავად ჩემი და მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეები მაინც მოდიან, მათ შორის ბავშვებთან ერთად. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული“,- თქვა წულუკაინმა დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

წულუკიანის თქმით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ვართ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე“ და ვინაიდან ქვეყანაში უკვე არსებობს ე.წ. მესაუმეული გადადების პრეცედენტი, „ჩვეულებრივისგან განსხვავებულ რეჟიმში ცხოვრება გაგვიგრძელდება“.

თეა წულუკიანი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც იუსიტიციის სახლებში მაინც მივიდნენ – დაიცვან რიგში დგომისას ერთმანეთისგან მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია, ხოლო თუ თანამშრომლები ამ წესის არშესრულებასთან დაკავშრებით მათ შენიშნვებს მისცემენ – შეურაცხყოფა არ მიაყენონ მათ.

„სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი.

ჩვენ ამ მხრივ ვაწყდებით გამოწვევებს და ჩემი ვალია კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული. ვიმედოვნებ, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასაკეტი“, – ამბობს წულუკიანი.


ქვეყანაში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ გუდაურში ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ ჩეხი ტურისტებიც, რომლებსაც შემდგომ COVID 19-ით ინფიცირება დაუდასტურდათ.

თუმცა, როგორ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ტურისტმა ქართულ მხარეს მიაწოდა ყველა ლოკაცია, სადაც იმყოფებოდა, მანქანების ნომრები, რომლითაც მგზავრობდა.

ტიკარაძის ცნობით, იმ 30 ადამიანიდან, ვისთანაც ტურისტს ჰქონდა შეხება, 3-ს აქვს Covid-19-ის სიმპტომატიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი