ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ნაადრევად იხურება

16 მარტი, 2020 • 1087
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ნაადრევად იხურება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთო-სათხილამურო კურორტები ნაადრევად იხურება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მაპროვოცირებელი გახდა ჩეხი ტურისტებისთვის დასმული კორონავირუსის დიაგნოზი:

“იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან დიდი და კარგი ეფექტი აქვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და რომელიც დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.

ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რომელსაც 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში, სადაც მოხდა მისი დიაგნოსტირება და მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან ისევე, როგორც სასტუმროების წარმოამდგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა, და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზეც, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეზე, ვაწესებთ შეზღუდვებს”, – განმარტა ტიკარაძემ.

16 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

ტურისტებს, რომლებმაც გუდაურში დაისვენეს, კორონავირუსი დაუდგინდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი