ახალი ამბები

რა წამლებს იყენებენ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთის გამოცდილების მაგალითზე

15 მარტი, 2020 • 2804
რა წამლებს იყენებენ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთის გამოცდილების მაგალითზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ იმ მედიკამენტებს, რომელიც ამ დაავადების წინააღმდეგ ოფიციალურად რეკომენდებული ჯერ არ არის, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ წარმატებით იმუშავეს ჩინეთში.

ცერცვაძის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შესაბამისმა სამეცნიერო ჯგუფმა მიიღო, რომელშიც მათი NCDC-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. საუბარია უკვე არსებულ მედიკამენტებზე, რომლითაც სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ. ცერცვაძეს მედიკამენტები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ნაწილი გამოიყენება აივ/შიდსის, წინააღმდეგ ნაწილი ავტო-იმუნური დაავადებების სამკურნალოდ და ა.შ.

“ამას პირველად ვაჟღერებ, შევიკრიბეთ ჯგუფი, ჩვენი NCDC-ის, სამინისტროს ხელმძღვანელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის მედიკამენტები, რომელიც არ არის ოფიციალურად დამტკიცებული და რეგისტრირებული, მაგრამ ჩინეთის გამოცდილებით (და ეს უზარმაზარი გამოცდილებაა 80 ათასი კაცი ჰყავთ ინფიცირებული),უჩვენა, რომ სასარგებლოა და დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობას, უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას იწვევს, ამცირებს სიკვდილიანობას… ჩვენ ეს მედიკამენტები გვქონდა, ეს ახალი მედიკამენტები არ არის, სხვადასვხა  დაავადებისას გამოიყენება: მაგალითად, ერთ-ერთი აივ/შიდსის სამკურნალოდ გამოიყენება, ერთ-ერთი ავტო-იმუნური და ჩვენ ამ მედიკამენტებს ვიყენებთ”, – განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.

ცერცვაძის თქმით, ისინი ამ ნაბიჯზე წავიდნენ იმიტომ, რომ ეს ახალი მედიკამენტები არ არის და პაციენტებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა, ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდებული, რომ უშუალოდ Covid-19-ის წინააღმდეგ არის მათი გაამოყენება ეფექტური.

“ამის უფლება გვაქვს, რომ არ დაველოდოთ ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელსაც იძლევა ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო. ასე მოიქცა ჩინეთი, ასე იქცევა იტალია, ევროპის სხვა ქვეყნები. ჩვენს პროტოკოლში, გაიდლაინში უკვე შეგვქავს ეს მედიკამენტები”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესაძლებლობაზე, რაც პრეპარატთან შედარებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება ახალ მედიკამენტებს, რომელსაც ამჟამად სცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ, ცერცვაძემ ამ კუთხით გამოჰყო remdesivir, გილიადის პრეპარატი, რომელიც ამჟამად კლინიკური ტესტირების მე-3 ეტაპს გადის.

“ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ახლოს არის ოფიციალურ აღიარებასთან, ეს არის remdesivir, რომელსაც ამერიკაში სწავლობენ. სხვათაშორის ებოლას ვირუსის სამკურნალოდ შეიქმნა ის და იქ არ იმუშავა, მაგრამ აქ, მგონი მუშაობს… ყოველშემთხვევაში ძალიან სერიოზული ხალხი სწავლობს ამას. ამერიკის ჯანდაცვის ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი ჩვენი პარტნიორია და მისგან ვიცით, რომ  შესაძლოა, ეს მედიკამენტი იყოს ახლო მომავალში რეკომენდებული.  ჩვენც გავაგზავნეთ უკვე თხოვნა, რომ სანამ რეკომენდებული არაა და გაყიდვაში არ არის, შესაძლოა გამონაკლისის სახით მოგვაწდონ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციით (Convid-19) 30 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსის ვაქცინასა და წამალაზე მსოფლიოში 9 კომპანია მუშაობას.

ამავე თემაზე

კორონავირუსის ვაქცინასა და წამალზე 9 კომპანია მუშაობს – გეგმები და ვადები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი