ახალი ამბები

სამი გოგოს წამოწყება: მოხუცებისთვის 24 საათში შეგროვებული 55 500 ლარი

14 მარტი, 2020 • 1863
სამი გოგოს წამოწყება: მოხუცებისთვის 24 საათში შეგროვებული 55 500 ლარი

სამმა გოგომ 24 საათში მოხუცების დასახმარებლად 55 500 ლარი სეაგროვა, ამის საჭიროება კი მას შემდეგ დადგა, რაც კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე უფასო სასადილოებმა დროებით მომსახურების ფორმები შეცვალეს. ერთ-ერთი გოგოს, მარიამ თითბერიძის თქმით მათ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს ინფორმაცია, რომ “კათარზისი” დროებით დაიხურა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, ხალხის დახმარებით მოხუცებისთვის თანხა შეეგროვებინათ.

“თავდაპირველად “კათარზისით” მოსარგებლე მოხუცებისთვის გადავწყვიტეთ თანხის შეგროვება, თუმცა შემდეგ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ და ჩვენი კონტაქტების საშუალებით ვიზეც შევიტყვეთ, ყველაზე მოწყვლად მოხუცებს დავხმარებოდით”, – განმარტავს თითბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით მან და მისმა ორმა მეგობარმა, მარიამ ცერცვაძემ და მარიამ ჯორბენაძემ სპონტანურად, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე გადაწყვიტეს ფეისბუკ ჯგუფის გაკეთება, სადაც საკუთარი ნაცნობები მოიწვიეს, რის შემდეგაც აღნიშნული ჯგუფი პოპულარული გახდა:

“სამმა გოგომ გავაკეთეთ თავიდან ეს ჯგუფი, შემდეგ ბევრმა გააზიარა და მერე ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ფაქტობრივად, ხალხმა შეაგროვა ეს თანხა”, – განმარტა თითბერიძემ.

მისი თქმით ამ დროისთვის ისინი დახმარების საჭიროების მქონე მოხუცების სიებს ადგენენ და მოლაპარაკებები აქვთ სხვადასხვა კომპანიებთან. თუმცა თითბერიძის განმარტებით აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას ერთჯერადი ხასიათი აქვს და მათ უკვე შეწყვიტეს თანხის შეგროვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი