ახალი ამბები

კორონავირუსი: ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას ჩუქნის

14 მარტი, 2020 • 3922
კორონავირუსი: ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას ჩუქნის

ჩინეთის ელჩ ლი იენის თქმით, ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან – გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს”, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა.

მისი თქმით, გასულ კვირას ჩინეთის საელჩომ ორგანიზება გაუწია ვიდეო შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

“საქართველოს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში” – განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

14 მარტის 13 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი