ახალი ამბები

11 ევროპარლამენტარი ზურაბიშვილს უგულავას შეწყალების საკითხზე მიმართავს

14 მარტი, 2020 • 2002
11 ევროპარლამენტარი ზურაბიშვილს უგულავას შეწყალების საკითხზე მიმართავს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთვის გამოგზავნილ წერილს ასაჯაროებს, სადაც ისინი პრეზიდენტის გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე მიმართავენ.

წერილში, რომელსაც ევროპარლამენტის 11 წევრი აწერს ხელს, აღნიშნულია თხოვნა, რომ პრეზიდენტმა განიხილოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ამოქმედების საკითხი, რომელიც უგულავას გათავისუფლებას ეხება.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. “ჩვენ გვჯერა რომ გათავისუფლების აქტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მხარეებს შორის ურთიერთობების სრულად ნორმალიზებისთვის, რასაც ჩვენ როგორც საქართველოს მეგობრები მოუთმენლად ველით,”-წერენ ევროპარლამენტარები.


“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა 10 თებერვალს დააკავეს და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

მანამდე კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი