ახალი ამბები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

12 აგვისტო, 2015 •
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

სიჭინავამ ”რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს იყო საუკეთესო დღე ამ განცხადების გასაკეთებლად. მისი თქმით, როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე ყოფნისას და უეფას სუპერთასის მატჩი იყო სწორედ მისი პიკი.

სფფ. ფოტო: ნეტგაზეთი
სფფ. ფოტო: ნეტგაზეთი

 

“ვფიქრობ, რომ საუკეთესო დღეა განვაცხადო, რომ მე მართლა მივდივარ და სადღაც ერთი კვირის განმავლობაში გამოვაცხადებ არჩევნების დღეს. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე. დღეს იყო ჩემი პიკი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც “დაღუპა” ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი. მე ვარ ძალიან დიდად მოხარული და მინდა გითხრათ რომ, მე ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე. ფეხბურთი სიჭინავას გარეშე!” – განაცხადა უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ ზვიად სიჭინავამ.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ამ საკითზე მეტ კომენტარს ჯერ-ჯერობით აღარ აკეთებს.

 

სფფ-ის გენერალური მდივნის, რეზი არველაძის თქმით, როგორც ფეხბურთის ფედერაციის სფფ-ის წესდება ითვალისწინებს, შედგება აღმასკომის სხდომა სრული შემადგენლობით და აღმასკომი დაადგენს მომავალი ყრილობის თარიღს.

 

”ეს იქნება საარჩევნო ყრილობა. მას [სიჭინავას] არ უთქვამს, რომ თანამდებობას ტოვებს, მიდის და გადადგა. ბუნებრივია, სევდა და გულისტკივილი ახლდა ამ განცხადებებს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ექვსი წელიწადია დღედაღამე მუშაობდა. ის ჩვენთან ერთად მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო და როდესაც ადამიანები რაღაცებს ვერ ამჩნევენ, რაღაცნაირად გული სწდება,” – განაცხადა რევაზ არველაძემ ”რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ჯერ-ჯერობით სფფ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს შორის თავის ფავორიტს ჯერ-ჯერობით არ ასახელებს. მისი თქმით, სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პოსტიდან წასვლის შემდეგ, საჭიროა, რომ საზოგადოებამ მოისმინოს სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამები, თუ ვინ როგორ აპირებს ქართული ფეხბურთის აღორძინებას.

 

”დაველოდოთ, ვინ იქნებიან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები. შესაბამისად, მოვისმენთ რა პროგრამები ექნებათ; ვინ როგორ აპირებს ქართული ფეხბურთის გაძლიერებას და აღორძინებას. ჩვენთვის მთავარია, ქართული ფეხბურთი ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც დღეს ვიმყოფებით. მე ვფიქრობ, ეს არის ნებისმიერი, თითოეული გულშემატკივრის ოცნებაა, რომ მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატს. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით, მივიღოთ მონაწილეობა და ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ,” – განაცხადა კახა კალაძემ  ”რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

სფფ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმაც. როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უამრავ ადამიანს გაუჩნდება და საფეხბურთო საზოგადოებამ საუკეთესო არჩევანი უნდა გააკეთოს:

 

”მათ დასკვნები უნდა გამოიტანონ წინა არჩევნებიდან, მათ შორის, შეცდომებიდან. ყველამ, თითოეულმა მონაწილემ, ხმის მიმცემმა ფეხბურთის ოჯახის წევრმა გაათვითცნობიეროს, თუ რამხელა პატივისცემაა ჩააბარო ფეხბურთვის მართვა ამა თუ იმ პიროვნებას. ერთიც არის მნიშვნელოვანი – ნუ ხდება ფოკუსირება თვითონ ამ პიროვნებებზე. მნიშვნელოვანია, მოვიდეს გუნდი, შეიცვალოს სისტემა და დაბრუნდეს სამართლიანობა და დობა ფეხბურთში. ვინც ამას უზრუნველყოფს, ბუნებრივია, ჩვენგან მას მხარდაჭერა ექნება.”


ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სიჭინავას განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სიჭინავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ისტორია შეაფასებს ზვიად სიჭინავას 6 წლიანი მმართველობის შედეგებს და ამჟამად შეფასებების გაკეთება ადრეა.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთკანდიდატად ითვლება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს გერმანულ ”ფრაიბურგში”, ”შალკესა” და ”ჰერტაში” გამოდიოდა. მას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს რეკორდული რაოდენობის – 100 შეხვედრა.

 

კობიაშვილი ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში  აუცილებლად გასატარებელია ფუნდამენტური ცვლილებები. მისი თქმით, ამის გარეშე წარმოუდგენელია ქართული ფეხბურთის განვითარება.

 

”ქართულ ფეხბურთს სჭრდება რეფორმები. ამის გარეშე წარმოუდგენელია ქართული ფეხბურთის განვითარება, იმიტომ, რომ დღევანდელ მდგომარეობაზე უარეს აღარ არსებობს. ის მძიმე წარსული, რაც ჩვენ გვახსოვს სამწუხაროდ, არის მიუღებელი. მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ეს აზიანებს კონკრეტულად პიროვნებებს. ეს აზიანებს საერთო საქმეს და ამ შემთხვევაში ქართულ ფეხვურთს. ეს არის მიუღებელი, თორემ სახელმწიფო რომ უნდა დაეხმაროს ფეხბურთს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად არ მჭირდება დახმარება. დახმარება სჭირდება ფეხბურთს და მეც მზად ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში,” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა ”იმედთან” საუბრისას.

 

მოძრაობა ”ჩვენი ფეხბურთის” დამფუძნებელი, მიხეილ ყაველაშვილი ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ მათი გუნდი აუცილებლად წარსდგება არჩევნებში, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის ნაადრევია საუბარი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ამ საკითხზე უფრო დეტალურად საუბარს ერთ კვირაში აპირებს, მას შემდეგ აპირებს, რაც შვეიცარიიდან დაბრუნდება.

 

ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2009 წლის სექტემბერში აირჩიეს. სფფ-ს პრეზიდენტობამდე სამი წელი ის საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის” ბაიას” პრეზიდენტი გახლდათ. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში კომპანია ”რუსულ რესტავრაციის” ფინანსური დირექტორის პოსტს იკავებდა. სიჭინავა 1995-2005 წლებში მოსკოვის, ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო. უფრო ადრე, 1991-94 წლებში ის კომპანია ”დიდ მიზანში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი