ახალი ამბები

“ქართუ” სახელმწიფოს ფინანსური დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს

13 მარტი, 2020 • 9447
“ქართუ” სახელმწიფოს ფინანსური დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს

ფონდი „ქართუ” კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსურად დაეხმაროს. ფონდის განცხადებას ფეისბუკზე “ქართული ოცნების” გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, “ქართუ” “ოცნების” ლიდერის, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდია. “ქართუ ფონდი” საქართველოს თავრობას და შესაბამის სტრუქტურებს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის:

„ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი