ახალი ამბები

ნეტგაზეთის პასუხი ინფექციურის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ბრალდებას

12 მარტი, 2020 • 2628
ნეტგაზეთის პასუხი ინფექციურის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ბრალდებას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს, 12 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ნეტგაზეთი გააკრიტიკა 11 მარტს გამოქვეყნებული ჟურნალისტური პროდუქტის გამო.

“ჩვენ ვცდილობთ პერსონალური ინფორმაცია არ გავცეთ, მაგრამ აი, ნეტგაზეთმა გუშინ გამოაქვეყნა რაღაც სქემა ნომრებით, კონტაქტებით, სახელებით, რომლიდანაც ზოგი რაღაც სწორია, ზოგი არ არის სწორი და ამან გამოიწვია ძალიან დიდი უხერხულობა და გაუგებრობა ზოგ შემთხვევაში. რისი თქმაც არ შეიძლებოდა, არ ვამბობდით, მაინც ახდენენ ამის კომპილაციას და რაღაც ინტერპრეტაციას. ამიტომ, დღეს თავს შევიკავებ”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, ინფიცირებულთა უშუალოდ რომელი ჯგუფისგან გადაედო 25-ე პაციენტს ვირუსი.

ნეტგაზეთმა 11 მარტს გამოაქვეყნა ილუსტრაცია, რომელზეც ასახულია სხვადასხვა კლასტერის მიერ კორონავირუსის გადაცემის სქემა. აღნიშნული ილუსტრაცია არ შეიცავს რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას, მითუმეტეს, ვინმეს პირდაპირ, ან ირიბად მაიდენტიფიცირებელ ნიშანს. გარდა ამისა, ეს სქემა ნეტგაზეთმა შექმნა თავად თენგიზ ცერცვაძისა და სხვა ოფიციალური პირების საჯარო ინტერვიუების საფუძველზე, სადაც ისინი ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების წყაროებზე საუბრობდნენ.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გზებთან და პირველწყაროებთან დაკავშირებით არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია ამის შესახებ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციისა და რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითების გარეშე.

კორონავირუსის გავრცელების სქემა, რომელიც თენგიზ ცერცვაძემ გააკრიტიკა

შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის ბრალდება. ნეტგაზეთი ყოველდღიური მუშაობისას ხელმძღვანელობს მაღალი პროფესიული სტანდარტით. ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღიდან ნეტგაზეთი ასევე მაქსიმალურად იცავს თითოეული პაციენტის კონფიციდენციალობას და ერიდება ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოქვეყნებას. ნეტგაზეთმა კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ორი პირის ვინაობა დაასახელა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად, საჯაროდ გაავრცელეს.

საჯარო ბრალდების შემდეგ ნეტგაზეთი განმარტებისთვის დაუკავშირდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდების საჯარო გაჟღერებამდე ნანახი არ ჰქონდა ის ილუსტრაცია, რომლის შესახებ საუბრობდა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მას უთხრეს ამის შესახებ. ინფექციურის საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მან ნეტგაზეთის ილუსტრაცია მხოლოდ მას შემდეგ ნახა, რაც ჩვენ განმარტებისთვის დავუკავშირდით.

ცერცვაძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ აღნიშნული სქემა არ შეიცავს რაიმე სახის პერსონალურ მონაცემს და ეს იურიდიული კუთხით პრობლემას არ ქმნის. თუმცა, მან თქვა, რომ კლასტერების შესახებ ინფორმაციის მსგავსი, სისტემატიზებული სახით დალაგებამ შეიძლება შექმნას გარკვეული პრობლემა “ანგაჟირებული ჯგუფების მხრიდან”.

თენგიზ ცერცვაძე დაგვპირდა, რომ ის საფუძვლიანად გაეცნობა ნეტგაზეთის მიერ 11 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას და უფრო დეტალურად ისაუბრებს ჩვენთან.

ნეტგაზეთი დაელოდება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის დამატებით განმარტებას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი