ახალი ამბები

ომბუდსმენი მოქალაქეთა მიღებას დროებით აჩერებს და განცხადებებს ელექტრონულად მიიღებს

12 მარტი, 2020 •
ომბუდსმენი მოქალაქეთა მიღებას დროებით აჩერებს და განცხადებებს ელექტრონულად მიიღებს

კორონავირუსის პანდემიის გამო სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მოქალაქეთა მიღებას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში დროებით წყვეტს და მათ განცხადებებისა და საჩივრების ელექტრონულად შეტანისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ნომერზე – 1481:

“მთავრობის მხრიდან განსხვავებული რეკომენდაციების მიღებამდე, სახალხო დამცველის აპარატი დროებით აჩერებს მოქალაქეთა მიღებას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში.

მოქალაქეებს განცხადებებისა და საჩივრების შემოტანა 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტორნულ მისამართზე info@ombudsman.ge და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე – 1481” – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ომბუდსმენის განცხადებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის აპარატის თანამშრომლების დიდი ნაწილი. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აპარატსი დასაქმებულთა ნაწილი სამუშაოს დისტანციურად შეასრულებს, თუმცა აქვ განმარტავს, რომ ეს არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა ადგილზე ყოფნაც აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის:

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს.

აღნიშნული არ ვრცელდება სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე, ასევე, აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციური მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის (მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში ვიზიტებისთვის)” – ამბობს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი