ახალი ამბები

ეპიდემიასთან გამკლავება არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში – პრეზიდენტი

12 მარტი, 2020 • 631
ეპიდემიასთან გამკლავება არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში – პრეზიდენტი

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილის თქმთ, იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, საქართველოში მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

“პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად; შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ და ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა.

“სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს. პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი, მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას. ამიტომ, პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა ავიღოთ და გავინაწილოთ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში.

“იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას”, – ამბობს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი მიმართავს მედიასაშუალებებსაც:

“თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე, რაც ამ პროცესს ეხება. საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი აუცილებელია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება”.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “მზად უნდა ვიყოთ ვითარების გარკვეულწილად გამწვავებისთვისაც, რასაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, თუმცა, დამცავი მექანიზმები გვაქვს”.

“მჯერა, რომ როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. და ბოლოს, სიფრთხილე და არა შიში!”, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი