ახალი ამბები

მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა – გამყრელიძე კორონავირუსზე

12 მარტი, 2020 • 2682
მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა – გამყრელიძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით მოსალოდნელია ახალი ტიპის კორონავირუსით დაიმფიცირებული ადამიანების რაოდენობის სერიოზული ზრდა. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“არ ვაშინებ არავის, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა, ამიტომ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი და კერძო სექტორი”, – განმარტა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე კერძო კლინიკებს მოუწოდა კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე გამოიჩინონ მაღალი სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები:

“დღეს საქართველოში ჩვენი ჰოსპიტალების 90% არის კერძო, მოვუწოდებ მათ მფლობელებს და მმართველებს გამოვიჩინოთ მაღალი სოლიდარობა. აუცილებელია, რომ ყველა კერძო საავადმყოფოს მმართველმა გაითავისოს რა საშიშროებაც არის მსოფლიოში. პანდემიაა მსოფლიოში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი