ახალი ამბები

ჯანდაცვისა და NCDC-ის ცხელი ხაზი მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებისთვის უფასო გახდა

12 მარტი, 2020 • 3466
ჯანდაცვისა და NCDC-ის ცხელი ხაზი მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებისთვის უფასო გახდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვა მაგთისა და ბილაინის ქსელიდან უფასო გახდება. სამინისტროს ცნობითვე, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო თავად კომპანიებმა მიიღეს.

“ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება, კომპანიების მხრიდან, სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამასთანავე გახანგრძლივდა დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზის სამუშაო საათები და 116 001-ზე დაკავშირება შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00-სთ.-მდე,”-წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შენიშნვა: ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სილქნეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 მარტიდან  სილქნეტის ფიქსირებული და ჯეოსელის აბონენტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა(NCDC) და ინფექციური საავადმყოფოს ცხელ ხაზზე დარეკვა უფასო იქნება. ~


ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ფასიანია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცხელ ხაზზე დარეკვა უფასო არასდროს ყოფილა, თუმცა ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ცოტა ხნის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პრეტენზია გამოთქვეს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის გამო.

ამ თემაზე ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სამინისტრო ავტომოპასუხის მეშვეობით მოქალაქეებს 15 თებერვლიდან აფრთხილებს ცხელი ხაზის საფასურთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცხელი ხაზი კომპანია “სილქნეტის” აბონენტის ნომრით 5 51 00 26, 2 51 00 33 და 15 05 სარგებლობს, შესაბამისად, ამ ნომერზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია “სილქნეტის” მიერ დაწესებული ტარიფით.

“მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე, რაც არის დადებული კომპანია ,,სილკნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის. მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა, ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია. ანალოგიურად ხდება მოქალქის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება”, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში.

კომპანია “სილქნეტი” ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 05 განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს “სილქნეტი” არ განსაზღვრავს.

“დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს სილქნეტი.
განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის – 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია სილქნეტი. ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის. რაც შეეხება კომპანია სილქნეტს, სილქნეტის ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე სილქნეტის ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაიგეთ მეტი

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა ფასიანია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი