ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა ფასიანია

18 თებერვალი, 2020 • 3877
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა ფასიანია

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ფასიანია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცხელ ხაზზე დარეკვა უფასო არასდროს ყოფილა, თუმცა ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ცოტა ხნის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პრეტენზია გამოთქვეს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის გამო.

ამ თემაზე ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სამინისტრო ავტომოპასუხის მეშვეობით მოქალაქეებს 15 თებერვლიდან აფრთხილებს ცხელი ხაზის საფასურთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცხელი ხაზი კომპანია “სილქნეტის” აბონენტის ნომრით 5 51 00 26, 2 51 00 33 და 15 05 სარგებლობს, შესაბამისად, ამ ნომერზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია “სილქნეტის” მიერ დაწესებული ტარიფით.

“მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე, რაც არის დადებული კომპანია ,,სილკნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის. მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა, ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია. ანალოგიურად ხდება მოქალქის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება”, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში.

კომპანია “სილქნეტი” ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 05 განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს “სილქნეტი” არ განსაზღვრავს.

“დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს სილქნეტი.
განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის – 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია სილქნეტი. ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის.
რაც შეეხება კომპანია სილქნეტს, სილქნეტის ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე სილქნეტის ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი