ახალი ამბები

სფფ: ბელარუსთან მატჩზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ

12 მარტი, 2020 • 620
სფფ: ბელარუსთან მატჩზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უეფამ საქართველო VS ბელარუსის მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ნეტგაზეთს ფედერაციაში განუცხადეს, უეფასგან ჯერჯერობით არანაირი შეტყობინება არ მისვლიათ.

“მეგობრებო, საქართველო-ბელარუსის თამაშთან დაკავშირებით , ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ, არასწორ ინფორმაციას ნუ აყვებით”, – წერს ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ფეისბუკზე.

ნეტგაზეთი ცდილობს ინფორმაციის უეფასთან გადამოწმებასაც.

„უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენი სურვილია, რომ ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალური თამაში გადაიდოს“ – ეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“დავით მუჯირმა განაცხადა.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა თავისი მოსაზრება მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე დაასაბუთა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოთამაშეთა ინტერესი და ჯანმრთელობა. საქართველოს ნაკრებში კი ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში თამაშობენ. კორონასაფრთხის გამო მათი მგზავრობაც გართულდა და შემოსვლაც. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რის გამო თამაშის გადადება გვსურს“ – ამბობს დავით მუჯირი პირველ არხზე.

საქართველოს ბელარუსის მატჩი ფეხბურთში 26 მარტს უნდა გაიმართოს. საუბარია უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალზე. მატჩი 26 მარტს, “დინამო არენაზე” არის ჩანიშნული და ყველა ბილეთი გაყიდულია.

 

ამავე თემაზე

მაყურებლისთვის სტადიონის დაკეტვა პრობლემას ვერ მოაგვარებს – კობიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი