ახალი ამბები

მთავრობა საჯარო და კერძო სტრუქტურებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ურჩევს

12 მარტი, 2020 • 1497
მთავრობა საჯარო და კერძო სტრუქტურებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ურჩევს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყველა საჯარო და კერძო სტრუქტურას დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია ეძლევა.

გახარიამ დღეს, 12 მარტს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი.

ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს,“ – ამბობს გახარია და დასძენს, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტიან მუშაობას.

მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 ათასზე მეტი შემთხვევა და 4 ათასზე მეტი გარდაცვალება. ჩინეთის შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, სადაც უკვე 12 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა. შემთხვევები იმატებს საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც. საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა 1 200-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება უკვე გამოაცხადა პანდემიად. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ევროპიდან აშშ-ში მოგზაურობა შეზღუდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი