ახალი ამბები

WHO-მ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოაცხადა

11 მარტი, 2020 • 3109
WHO-მ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

“უახლოეს პერიოდში ჩვენ ველით, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ქვეყნების რიცხვი, რომელშიც ვირუსი გავრცელდა, კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ COVID-19 შეიძლება დახასიათდეს, როგორც პანდემიური. სიტუაციის პანდემიურად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას, არ ცვლის ჩვენ მიერ და ქვეყნების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ეს პირველი კორონავირუსია, რომელიც პანდემიად გამოცხადდა; ასევე, ეს პირველი პანდემიაა, რომელიც კონტროლირებულია.

პანდემია ეწოდება ახალი დაავადების გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 114 ქვეყანაში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირების 118 381 შემთხვევა. აქედან 80 955 შემთხვევას ადგილი ჰქონდა ჩინეთში, საიდანაც ვირუსი პირველად გავრცელდა. ახალი კორონავირუსით სულ 4 292 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების 24 დადასტურებული შემთხვევაა. 298 ადამიანი იმყოფება კარანტინის რეჟიმში, 46 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

პანდემიასთან დაკავშირებით სამი სცენარი არის მზად – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი