ახალი ამბები

გადამდებია თუ არა კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე

11 მარტი, 2020 • 13867
გადამდებია თუ არა კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი ვირუსს სხვა პირებს ვერ გადასდებს:

“ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები. ყველაზე უფრო გადამდები ადამიანი არის, როდესაც მას ხველა დაეწყება. მანამდე, ადამიანი გადამდები არ არის. სიმპტოები როდესაც დაეწყება, მაღალი ტემპერატურა რომ დაეწყება, გადამდები უკვე არის, მაგრამ ძლიან გადამდებია, ხველება რომ დაეწყება. თუ არაფერი სიმტომი არ აქვს, ის გადამდებიც არაა” – თქვა იმნაძემ

ამ განცხადების შემდეგ სოცქსელებში გაჩნდა შეკითხვები: თუ ასეა, რატომ არის 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების სიმპტომები ჯერჯერობით გამოვლენილი არ აქვთ. ნეტგაზეთმა ამ კითხვით პაატა იმნაძეს მიმართა, რაზეც მან გვიპასუხა: არავინ იცის წინასწარ თუ როდის დაეწყება ადამიანს COVID-19 სთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საიტზე მითითებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების მაღალ რისკად მიიჩნევიან ის ადამიანები, რომლებსაც დაავადების სიმპტომები აქვთ გამოხატული თუმცა, როგორც CDC-ის საიტზეა მითითებული, ზოგჯერ ახალი კორონავირუსის გადადება შესაძლოა მოხდეს იმ პირთაგანაც, რომლებსაც სიმპტომები ჯერ არ აქვთ გამოვლენილი. აშშ-ის დაავადებათა კონტორლის ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ცნობები არსებობს, თუმცა “ეს უკანასკნელი დაავადების გავრცელების ძირითად წყაროდ არ არის მიჩნეული”.

“ნეტგაზეთმა” პაატა იმნაძეს  CDC-ს ეწორედ ეს ჩანაწერი მისწერა და ჰკითხა, თავად გამორიცხავდა თუ არა დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობისას ვირუსის სხვა პირზე გადადებას, რაზეც იმნაძემ გვიპასუხა, რომ  სიმპტომების “დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადამდები შეიძლება იყოს”.

რაც შეეხება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებას. WHO ამბობს, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში COVID-19-ის გადადების რისკი დაბალია. განსაკუთრებით მაშინ, თუ დაავადება ადრეულ სტადიაზეა. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა ადამიანს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები ჰქონდეს და თავს ავად არ გრძნობდეს რა დროსაც, დაავადების გავრცელების რისკი არსებობს.

ევროპის დაავადების კონტროლის ცენტრი კი ამბობს, რომ ამჟამად მიიჩნევა, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ დაავადების სიმპტომები, ვირუსის სხვისთვის გადადება არ შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი