ახალი ამბები

მაყურებლისთვის სტადიონის დაკეტვა პრობლემას ვერ მოაგვარებს – კობიაშვილი

11 მარტი, 2020 • 1477
მაყურებლისთვის სტადიონის დაკეტვა პრობლემას ვერ მოაგვარებს – კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დეპუტატი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ კორონავიურუსთან დაკავშირებით საერთაშორისო მატჩების მაყურებლის გარეშე გამართვა გამოსავალი არ არის.

კობიაშვილის თქმით, თითოეულმა ფედერაციამ, უეფა-სთან ერთად, არამარტო გულშემატკივრების, არამედ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოს.

“მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. თითოეულმა ფედერაციამ, უეფა-სთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე. ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის”, – წერს ლევან კობიაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჩემპიონატის მატჩები გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში გაიმართება საქართველო-ბელარუსის შეხვედრა უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში. მატჩი 26 მარტს, “დინამო არენაზე” არის ჩანიშნული და ყველა ბილეთი გაყიდულია.

საქართველო-ბელარუსი: ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი