ახალი ამბები

სოცმუშაკების დასაბანი ანტიბაქტერიული სითხეებით უზრუნველყოფა არ მომხდარა – სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

11 მარტი, 2020 • 842
სოცმუშაკების დასაბანი ანტიბაქტერიული სითხეებით უზრუნველყოფა არ მომხდარა – სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

“სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” ჯანდაცვის სამინისტროსგან  სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ყველა სერვის ცენტრის დეზინფექციას ითხოვს.

ჯანდაცვის სამინისტროს ორივე სსიპ-ს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 71 სერვისცენტრი აქვს, რომლებიც ყოველდღიურად მოქალქეებს ემსახურებიან. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს მხრიდან თანამშრომლებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაეგზავნა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არც დეზინფექცია ჩაუტარება და არც თანამშრომლებისთვის მიუცია დასაბანი ანტიბაქტერიული სითხეები.

“სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს მხრიდან თანამშრომლებს დაეგზავნათ რეკომენდაციები კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, თუმცა

  • არ მომხდარა არცერთი სერვის ცენტრის დეზინფექცია, სადაც ასობით მოქალაქე მიდის ყოველდღიურად;
  •  არ მომხდარა თანამშრომლების უზრუნველყოფახელის დასაბანი ანტიბაქტერიული სითხეებით;
  •  არ მომხდარა პირბადეების დარიგება ოჯახებში ვიზიტის განხორციელებისას;
  • სოციალურ მუშაკებს არ მისცემიათ შესაბამისი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახებში შესვლისას, რადგან მოქალაქის თვითიზოლაციაში ყოფნის დროსაც მათთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ არის მანამ, სანამ არ მოხდება ოჯახში შესვლა;
  • სერვის ცენტრების უმეტესობაში საერთოდ მოუწესრიგებელია საპირფარეშოები;
  •  არ ხდება მათი სათანადო მომარაგება ჰიგიენური საშუალებებით ;
  • ზოგიერთი სერვისცენტრი 2 თვეა მუშაობს დამლაგებლის გარეშე”.

“სოციალურ მუშაკთა გაერთიანებაში” მიიჩნევენ, რომ მსგავსი ღონისძიებების არარსებობა  დიდ საფრთხეს უქმნის როგორც თავად თანამშრომლებს, ასევე მთლიან მოსახლეობას და არის რისკი ეპიდემიის გავრცელებისა.

ნეტგაზეთი ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი