ახალი ამბები

ერთი ინფიცირებული ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ნაღდი ფულით გადაედო – ცერცვაძე

10 მარტი, 2020 • 1605
ერთი ინფიცირებული ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ნაღდი ფულით გადაედო – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ 8 ადამიანიდან, რომლებსაც კორონავირუსი დღეს, 10 მარტს დაუდგინდა, ერთ-ერთი მოქალაქე ვარაუდობს, რომ ვირუსი მას ნაღდი ფულის საშუალებით გადაედო. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ამ ადამიანს შეხება ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან და გარკვეული სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მისგან ნაღდი ფული აიღო და სხვა შეხება არ ჰქონია. სწორედ ეს აძლევს მას ვარაუდის საფუძველს, რომ გადაცემის წყარო, შესაძლოა, ნაღდი ფული იყოს.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე თქვა, რომ 5 ინფიცირებული პირობითან #5 პაციენტთან ერთად სამოგზაუროდ იყო იტალიაში. #5 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთ კვირაზე მეტია, რაც მკურნალობს, მისი თანამგზავრი პირები კი ამ დრომდე იზოლაციაში იყვნენ და 5 მათგანს სწორედ დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი.

რაც შეეხება დღეს დადასტურებულ კიდევ 2 შემთხვევას, როგორც თენგიზ ცერცვაძემ თქვა, მას ჯერ არ აქვს ინფორმაცია ამ 2 პაციენტზე, რადგან მის შესახებ ტელეეთერში ყოფნისას შეიტყო.

“ჩვენ ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც იმოგზაურეს იტალიაში… არ ვიცით, რამდენად ასრულებდნენ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები შესაბამის პროცედურებს, იმედი ვიქონიოთ, რომ ასრულებდნენ, ამაზე ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით დადებითია ის ფაქტი, რომ ამ ეტაპისთვის ინფექციის პირველი რიგის შიდა გადაცემის შემთხვევები მხოლოდ ოთხია, ხოლო 23 პაციენტიდან 18 ქვეყნის გარეთ დაინფიცირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ნაღდი ფული მიიჩნევა ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ და მოსახლეობას მოუწოდებნ, არ გამოიყენონ ის.

10 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით 114 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად, მათგან გარდაიცვალა 4 015. ვირუსი დაფიქსირდა 110 ქვეყანაში, მათგან ყველაზე მეტი – ჩინეთში. ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა იტალია (10 ათასამდე შემთხვევა).

მასალების გადაბეჭდვის წესი