ახალი ამბები

ადვოკატი თამლიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს

10 მარტი, 2020 • 1334
ადვოკატი თამლიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს

ბესიკ თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის თქმით, დაცვის მხარე შემდეგ პროცესზე, რომელიც 13 მარტს გაიმართება, დააყენებს შუამდგომლობას, რათა თამლაინის პატიმრობა უფრო მსუბუქი, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეიცვალოს. ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 მარტს, პროცესის დაწყებამდე განაცხადა:

“მთავარი გარემოება არის ის, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა ფაქტობრივად დასრულებულია… შესაბამისად, აღარ არსებობს ფორმალური საფუძველიც, რომ თამლიანი პატიმრობაში დარჩეს” – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ თამლიანს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი ან სპეციალური სამაჯურით, რომელიც მის გადაადგილებას გააკონტროლებს. იოსელიანის განმარტებით, კონკრეტულ ფორმებზე დაცვის მხარე თამლიანთან გასაუბრების შემდეგ შეჯერდება.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების შესაძლო შეთავაზებას, იოსელიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ თამლიანი ბრალის აღიარებას არ აპირებს.

დღეს, 10 მარტს, ბესიკ თამლიანის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა. მორიგ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დარჩენილ ნივთიერ მტკიცებულებებს წარმოადგენს, რის შემდეგაც იოსელიანი ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმება კონკრეტულ პატიმრების გათავისუფლებაზე შედგა

მასალების გადაბეჭდვის წესი